აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქე

საქართველო, თბილისი - 13:29 | 14.07.2020
ნანახია: 450

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე. განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, მორგან ორტაგუსი ავრცელებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაპატიმრებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებთ. ამავე დროს, კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.

საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი 11 ივლისს დააკავეს.

მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ იგი საოკუპაციო ძალების მიერ იყო დაჭრილი.

საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც დაგმო მომხდარი ფაქტი და საოკუპაციო ძალებს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.

განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმეზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლის გათავისუფლებისკენ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომაც მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე