ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთის ფასი დიფერენცირებული აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 13:54 | 09.01.2016
ნანახია: 1744

1-ელი იანვრიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთის ფასი დიფერენცირებული აღარ იქნება და საქართცველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები ერთნაირ ტარიფს - 8 ლარს გადაიხდიან.

როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბაღის ადმინისტრაციას განზრახული აქვს, აამოქმედოს  ახალი სააბონენტო სისტემა, რომელიც სხვადასხვა სახის ფასდაკლებას ითვალისწინებს.

ბაღის დათვალიერების:

  • ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება ერთ სულზე განისაზღვრა 30 ლარით;
  • ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება ორ სულზე განისაზღვრა 45 ლარით;
  • ბაღის დათვალიერების ერთთვიანი საოჯახო აბონიმენტის ღირებულება განისაზღვრა  60  ლარით;
  • ერთწლიანი აბონიმენტის ღირებულება ერთ სულზე განისაზღვრა  50 ლარით;
  • ერთწლიანი აბონიმენტის ღირებულება ორ სულზე განისაზღვრა 70 ლარით;
  • ერთწლიანი საოჯახო აბონიმენტის ღირებულება განისაზღვრა 100  ლარით;
  • აბონიმენტის მფლობელი ბაღის ტერიტორიაზე დაიშვება დღის განმავლობაში ერთხელ, დროის შეუზღუდავად

ბაღის ადმინისტრაციას, გარკვეული შეღავათები აქვს დაწესებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვადასხვა კატეგორიის დამთავალიერებლებისათვის.

ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე  10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახის წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000. აღნიშნული შეღავათი დაიშვება სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.

„ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფასო დაშვების უფლებით ისარგებლებენ იმ დაწესებულებათა ჯგუფები, რომლებთანაც ბაღს  გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარები, სტუდენტ-ლექტორთა ის ჯგუფები, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას. ბაღის ტერიტორიაზე ასევე უფასოდ  დაიშვებიან ბაღის სხვადასხვა პროექტებში ჩართული მოქალაქეები, საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეები, მეგობართა კლუბის წევრები, ოფიციალური სტუმრები და დელეგაციები, რომელთა ბაღის ტერიტორიაზე დაშვების საკითხს ბაღის ადმინისტრაცია ინდივიდუალური გადაწყვეტილებითა და სათანადო აღრიცხვით მიიღებს”, აღნიშნულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სატარიფო განაკვეთი ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახლდათ. ზოგი არსებულ დიფერენცირებულ ფასს - საქართველოს მოქალაქეებისათვის 3 ლარს და უცხოელებისათვის 8 ლარს, დისკრიმინაციულად მიიჩნევდა. დიფერენცირებულ ფასთან დაკავშირებით, როგორც დისკრიმინაციულთან, საკუთარი რეკომენდაცია საქართველოს სახალხო დამცველმაც შეიმუშავა.

თავის დროზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, გამოთქვა მზადყოფნა ეხელმძღვანელა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებითა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, და არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსულტაციების შემდგომ, მიემართა ბათუმის მერისათვის ახალი სატარიფო გეგმის დამტკიცების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 15 დეკემბრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, პირველი იანვრიდან ვიზიტიორებისთვის ბილეთის ფასი დიფერენცირებული აღარ იქნება და რვა ლარი ეღირება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე