ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 14:43 | 13.06.2020
ნანახია: 733

ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსთან ბრძოლაში პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე უნდა იყოს გადანაწილებული.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ჩვენ ამასთან ერთად, ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ, ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ადაპტაციას ვეძახით. ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვუმკურნალოთ მოქალაქეებს, როგორ გამოვიძიოთ და მივაკვლიოთ პირველწყაროს და ეს უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე მოვედით წარმატებულად, თუმცა ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე