სააკაშვილი არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას, საქართველო სულ მის გულშია - უკრაინის ელჩი

საქართველო, თბილისი - 19:10 | 11.06.2020
ნანახია: 1582

უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. დოლგოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს იყო დაბარებული.

დოლგოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის გარდა, მხარეებმა სხვა თემებიც განიხილეს, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხი იყო სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოში სიტუაციას ეხება. უკრაინის პოზიცია არის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია. ერთმანეთთან სასაუბრაოდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სატელეფონო ზარი საკმარისია ან შეხვედრა, თუ საჭიროა. სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში არის“,- განაცხადა უკრაინის ელჩმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე