ნუ, რა ბიჭია - ტრამპი, სენატორ რომნის საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას ირონიულად ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 17:51 | 08.06.2020
ნანახია: 1010

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში  რესპუბლიკელი სენატორის მიტ რომნის საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას ირონიულად ეხმიანება.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნი, რესპუბლიკელების პირველი წარმომადგენელია, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში საპროტესტო აქციებს შეუერთდა. იუტას შტატის სენატორმა საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და ამის ამსახველი ფოტო თავის Instagram-ზე ატვირთა.

„გასაოცარი გულწრფელობაა. ნუ, რა ბიჭია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი პოლიტიკოსის ნიჭით იუტაში მისი პროცენტები (მხარდაჭერის) ასე ძლიერად ეცემა“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

აშშ-ში ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.

30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე