აშშ-ში საპროტესტო აქციებზე 10 ათასამდე ადამიანია დაკავებული

საქართველო, თბილისი - 12:20 | 03.06.2020
ნანახია: 581

შეერთებულ შტატებში სულ მცირე 9 300 ადამიანია დაკავებული საპროტესტო აქციებზე, რომელიც აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.  

მედიის მონაცემებით, მხოლოდ ლოს ანჯელესში დააკავეს 2 700 ადამიანი, ნიუ იორკში კი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 500-მდე პირია დაკავებული. ასვე რამდენიმე ასეული ადამიანია დაკავებული აშშ-ის დიდ ქალაქებში - დალასში, ჰიუსტონსა და ფილადელფიაში.

რამდენიმე დღეა არ წყდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები  შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში.

ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.

30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე