ატლანტაში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 03.06.2020
ნანახია: 731

ატლანტაში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ. იუწყება ტელეარხი CNN.

ტელეარხის ცნობით, საპროტესტო აქცია მშვოდობიანი იყო, თუმცა კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ ქუჩების გაწმენდა დაიწყეს.

რამდენიმე დღეა არ წყდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები  შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში.

ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.

30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე