ნუ მიძვრები სხვა ქალთან, არ აკოცო მას, მოითმინე კიდევ ერთი თვე - ალექსანდრ ლუკაშენკო

საქართველო, თბილისი - 10:42 | 08.05.2020
ნანახია: 1265

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბელარუსი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების მხრივ ლიდერთა შორისაა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ მან სწორი ტაქტიკა აირჩია: ის მოსახლეობას აძლევს რჩევებს და არ აპირებს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ მასობრივ ღონისძიებებზე უარის თქმას.

10-მილიონიან ბელარუსში ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 18 350 ინფიცირებულია. გარდაცვლილია 103 ადამიანი.

ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია აქვს არჩეული. თვითიზოლაციას ექვემდებარებიან მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან ჩასულები, ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები. საწარმოების უმეტესობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თავად ალექსანდრ ლუკაშენკო მოსახლეობას რჩევებს აძლვეს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს ჰიგიენასთან ერთად დაიცვან დისტანცია რომანტიკულ ურთიერთობებშიც. „თუ შენ უკვე კოცნიდი ვინმეს, მომავალშიც აკოცე, მაგრამ თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, ნუ მიძვრები სხვა ქალთან, არ აკოცო მას, მოითმინე კიდევ ერთი თვე“, - განაცხადა ლუკაშენკომ სატელევიზიო ეთერში.

ამასთან, ლუკაშენკო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 75 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გადადებას არ აპირებს. მისი თქმით, ეს ემოციური და მეტად იდეოლოგიური საკითხია. ამავე დროს აღნიშნა, რომ ზეიმზე ძალით არავის წაიყვანენ -  „არ უნდათ, ეშინიათ“? ჯანმრთელობას უფრთხილდებიან? კი, ბატონო, ჩვენ ამას გავიგებთ“, - ამბობს პრეზიდენტი. მისი თქმით, ბელარუსი მეორე მსოფლიო ომის ცოცხალი ძეგლია და სურვილი აქვს, რომ ომის დამთავრების 75 წლისთავს ყველა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ. „ვფიქრობ, რომ ამ დღეს აქ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ შეასრულებდნენ სხვა ქვეყნებიდან ჩასულები თვითიზოლაციისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე