Fake News-ებთან, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად Facebook-თან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ - კოკა ყანდიაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:13 | 06.05.2020
ნანახია: 723

კოკა ყანდიაშვილი, რომელთან დაკავშირებული ასობით გვერდიც Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ის ქართული ოცნების თანამშრომელი არაა და 2014 წლიდან საჯარო სამსახურში აღარ მუშაობს.

"თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ", - წერს ყანდიაშვილი.

რაც შეეხება Facebook-ის მიერ მისი პირადი ანგარიშების წაშლას, ისევე, როგორც მისი ახალი ამბების სააგენტოს "ეSპერსონას" ყველა გვერდის წაშლას, ყანდიაშვილი სოციალური მედიის გიგანტის გადაწყვეტილებას ადგილობრივ ორგანიზაციებს უკავშირებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს "კვლევის" მასალები ფეისბუქს, თავად "კვლევის" სამიზნედ პირადად მე და "ეS პერსონა" ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო", - წერს ყანდიაშვილი.

ყანდიაშვილის თქმითვე, ახლო მომავალში თავის გუნდთან ერთად "უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს" შესთავაზებენ საზოგადოებას.

"ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ Facebook-თან, Google-თან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს Fake News-ებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა", - წერს ყანდიაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე