საქართველოს მოქალაქეები, ათენიდან სამშობლოში, ჩარტერული რეისით დღეს დაბრუნდებიან

საქართველო, თბილისი - 10:44 | 05.05.2020
ნანახია: 599

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკო პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული მოქალაქეები.

აღნიშნული რეისით ასევე ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ტრანზიტულად მგზავრობდნენ საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად დარჩენილი იყვნენ თავშესაფრის გარეშე.

საელჩოს ორგანიზებით მოხდება ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე პირების სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირება აეროპორტამდე.

ასევე, ქ.სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, მოხდა იმ ჩვენი თანამემამულეების ათენამდე ტრანსპორტირება, ვინც კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვერ ახდენდა დამოუკიდებელ საქალაქთაშორისო გადაადგილებას.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავადან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,630 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე