მოვუწოდებ ბოდიში მოიხადონ მათ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა - ზაზა აბაშიძე

საქართველო, თბილისი - 10:29 | 05.05.2020
ნანახია: 1178

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშავენში მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში მისი პოსტის შეფასებებს ეხმიანება. აბაშიძე ფეისბუქზე წერს, რომ მისი პოსტი შუღლის გაღვივებას არ ისახავდა მიზნად და ბრალდების ავტორებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

„ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია ეროვნული შუღლის გამღვივებელი!
ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?).
არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს- საქართველოს ყველა მოქალაქეს!
ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.
აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!
რაც შეეხება აჟიოტაჟს, როგორც ჩანს ამ ვაი-პოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ქართული ანდაზისა არ იყოს „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია“.
ასევე მოვუწოდებ ბოდიში მოიხადონ მათ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა", - წერს აბაშიძე.

საქმე ეხება ფაქტს, როდესაც სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა მედპერსონალს ხელი შეუშალეს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზების პროცესში. 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა (ზაალ) აბაშიძე, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით წერს: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!" მოგვიანებით ზაზა აბაშიძემ კომენტარის სახით კვლავ დაწერა: "კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზეერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას“ სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო ზაზა აბაშიძის პოსტიდან მოხსნა მოითხოვა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გენერალურ პროკურორს მიმართა, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ზაზა აბაშიძის მიმართ. აღნიშნული გამონათქვამების გამო 4 მაისს ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება და კანონის შესაბამისად დასჯა „ევროპულმა საქართველომაც" მოითხოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე