2016 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რამდენიმე ახალ პროექტს იწყებს, მათ შორისაა „რეკომედირებულია ტურიზმის დეპარატამენტის მიერ“

საქართველო, თბილისი - 10:30 | 07.01.2016
ნანახია: 1625

2016 წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რამდენიმე ახალ პროექტს იწყებს. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, პროექტები „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, „სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი“ და „გიდების ლიცენზირება“ რეგიონში ტურიზმის სექტორის განვითარებასა და სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„რეკომედირებულია ტურიზმის დეპარატამენტის მიერ“

პროექტი „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიზნად აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, უსაფრთხოებისა და ტექნიკური ხასიათის სტანდარტების წახალისებას ისახავს.

„პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მსურველებმა 1 მარტამდე ტურიზმის დეპარტამენტში, ან სპეციალურ ვებ-გვერდზე www.recomend.ge უნდა შეავსონ განაცხადი. განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტის შედეგად გამოვლენილი ობიექტები მიიღებენ სპეციალურ ნიშას „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომელიც ტურისტებისთვის კონკრეტული ობიექტის სანდოობისა და ხარისხის ერთგვარ გარანტად იქცევა“, აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 „სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი“

ტურიზმის დეპარტამენტის სერვისებისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდება სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ტურიზმის სფეროს მოქმედი თანამშრომლებს ტრენინგებით უზრუნველყოფს და ამავდროულად სატრენინგო-საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს კვებისა და განთავსების ობიექტებს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ,  ყოველკვირეულად, წინასწარ შერჩეული კადრებისთვის ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგ-სემინარები, თვეში არანაკლებ 5 შეხვედრა. სატრენინგო ცენტრში ტრენინგებს ჩაატარებს როგორც მოწვეული ტრენერები, ასევე ადგილობრივი წამყვანი სასტუმროებისა და რესტორნების გამოცდილი კადრები. სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის უმთავრესი მიზანია ტურიზმის ინდუსტრიაში სერვისი ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. საკონსულტაციო ცენტრი პირველ შეხვედრას 12 იანვარს გამართავს.

გიდების ლიცენზირება

პროექტი „გიდების ლიცენზირება“ რეგიონში ტურისტული გიდის მომსახურების საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფასა და სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ტურისტული გიდის ლიცენზირების პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის - მტირალას ეროვნული პარკის გიდის ლიცენზირება. ტურისტულ გიდად აღიარების პროცედურა ხორციელდება წელიწადში ერთხელ - შემოდგომაზე. გიდად აღიარების მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი/ანკეტა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ან ვებ გვერდზე www.recomend.ge. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, გასაუბრებას და მოაწყობენ საჩვენებელ ექვსკურსიას, რის შემდეგაც მოხდება მათი ლიცენზირება. პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტული გიდის მომსახურების მნიშვნელობის გაზრდასა და ხარისხის ზრდას ტურიზმის სექტორში.

„სამივე პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. თუკი გასულ წელს ტრენინგების შედეგად 300 კადრის გადამზადება შევძელით, წელს ვფიქრობთ სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ ეს ციფრი 1000-მდე გაიზრდება. ყოველწლიურად ამდენი ადამიანის გადამზადება კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რაც რეგიონში სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება, პროექტებს „გიდების ლიცენზირება“ და „რეკომენდირებული ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ იქნება ხარისხის განმსაზღვრელი ტურისტებისთვის, როცა ისინი რომელიმე კონკრეტულ სასტუმროს, რესტორანსა თუ გიდს შეარჩევენ,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.

აჭარის ტურიზმისა კურორტების დეპარტამენტის სპეციალური ვებ-გვერდი www.recomend.ge იანვრის პირველ ნახევარში ამოქმედდება. გვერდზე განთავსდება ტურიზმის დეპარტამენტის ახალ პროექტებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და განაცხადების ფორმები. დეპარტამენტი ტრენინგის მონაწილეებისთვის დაბეჭდავს კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენებს, სადაც ახალი პროექტები და მასში მონაწილეობის პროცედურები იქნება აღწერილი. სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი პირველ შეხვედრას 12 იანვარს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გამართავს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე