იწყება შიდა გავრცელების ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას და მსხვერპლის მატებას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 21:19 | 17.04.2020
ნანახია: 708

ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ რთული პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 „ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ რთული პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს მოდუნების და თვითკმაყოფილების უფლება.

ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას.

თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ასცდნენ, თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება ეს პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია.

ეს დაავადებას ყველას შეიძლება შეეხოს. პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა. დღესაც ამ კრიტიკულ მომენტში სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და როგორც იცით ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

სხვა და სხვა სახელმწიფო უწყება 24 საათიან რეჟიმში ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობას და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა ყველამ მოვისმინეთ. მე როგორც სახელმწიფოს მეთაურს მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა, და ვალდებულება, რომ დავიცვა სახელმწიფოს კანონი, და მოგთხოვოთ თქვენ, რომ კანონს დაემორჩილოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე