რომან გოცირიძე: მთავრობამ გაზპრომი, შესაძლოა, ირანული შირმით შემოიყვანოს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 05.01.2016
ნანახია: 1516

ირანული გაზის საქართველოში შემოსვლის საკითხს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვარაუდობს, რომ შესაძლოა მთავრობამ ირანული შირმით „გაზპრომის“ შემოყვანა მოახდინოს. გოცირიძის მოსაზრებით მთავრობის ასეთი ფორსირებული აქტივობები რუსული მიმართულებით ბევრ ეჭვს აღძრავს

„მთავრობამ შეიძლება ირანული შირმით გაზპრომი შემოიყვანოს.

მას შემდეგ, რაც ირანულმა პრესამ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შინაარსი გამოაქვეყნა, მთავრობა იძულებული გახდა ეს ფაქტი დაედასტურებინა.
გაზის შემოტანას სომხეთის გავლით აპირებენ.
დღეს ამის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს.
საბჭოთა პერიოდში ირანული გაზი აზერბაიჯანის გავლით ცალკე მილსადენით შემოდიოდა საქართველოში. დღეს ის ამორტიზებულია. იგი ამ ათიოდე წლის წინათ გამოგვადგა, როცა რუსთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად ააფეთქა ჩვენთან დამაკავშირებელი გაზსადენი და ცივ ზამთარში გასაყინად გაგვწირა. იგი ერთ თვეში ”აღადგინეს”. სწორედ ერთი თვე ყოფნის სომხეთს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვები. ამიტომაც გახდა რუსეთი იძულებული, განეახლებინა გაზის მიწოდება.
ირანიდან სომხეთში ვიწრო, დაბალი გამტარიანობის მილსადენით მიეწოდება გაზი. თეორიულად შეიძლება ამ გაზის მიერთება ჩრთილოეთ-სამხრეთის ( რუსეთ -საქართველო-სომხეთის) მაგისტრალურ გაზსადენთან. აქედან რუსული გაზი მიედინება სომხეთისაკენ და იქიდან ირანული გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია. თუნდაც იმ შემთხვევაში, რუსული გაზისგან საერთოდ რომ დავაცარიელოთ.
უფრო სხვა რამეა მოსალოდნელი: ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი სანაცვლოდ ჩვენ. არავითარი ირანული გაზი აქ არ შემოვა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ რუსული გაზი უფრო ”იაფია” ირანულთან შედარებით, რაც საფუძველი გახდება კონტრაქტის შეცვლის.
გარდა ამისა, სომხეთში არსებული მილსადენები ეკუთვნის რუსეთს და ყოველთვის შეიძლება იგი გადაიკეტოს საქართველოსთვის ” გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების” გამო.
ირანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების აუცილებელი მონაწილე გაზპრომიც იქნება.
ამ პროცესში იკარგება დრო აზერბაიჯანისადმი დამატებითი გაზის მოსათხოვნად.
მას შემდეგ, რაც თურქეთის და აზერბაიჯანის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ შაჰდენიზ 2-ის პროექტი და დამატებითი გაზის მოცულობები დაგეგმილ 2018 წელზე ადრე იქნას მიღებული და შესაბამისად, ჩვენ ტერიტორიაზე გატარებული, მთავრობის ასეთი ფორსირებული აქტივობები რუსული მიმართულებით ბევრ ეჭვს აღძრავს. მათ შორის იმას, ხომ არა აქვს რუსეთს საქართველოს მთავრობაზე , უფრო ზუსტად მის არაფორმარულ მმართველზე ზემოქმედების დამატებითი, ჩვენთვის დღემდე უცნობი ბერკეტები? ან შეიძლება, უბრალოდ ეს ინტერესთა თანხვედრა იყოს?“- წერს რომან გოცირიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე