საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველაფერი გააკეთეს, რათა ხელი შეეშალათ კოვიდ 19-ის გავრცელებისათვის - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 17:04 | 16.04.2020
ნანახია: 829

კარანტინისას, საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ვირუსის გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ადგილობრივმა მუსლიმმა სასულიერო პირებმა პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, საკუთარი ინიციატივით შეწყვიტეს სამლოცველოებსა თუ ადგილობრივ მეჩეთებში შეკრება.

„საქართველოს ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი - უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სრულ კარანტინშია. ამ მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და რელიგიური მრწამსის მოქალაქეები ცხოვრობენ თუმცა მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე მუსლიმია. ადგილობრივმა მუსლიმმა სასულიერო პირებმა პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, საკუთარი ინიციატივით შეწყვიტეს სამლოცველოებსა თუ ადგილობრივ მეჩეთებში შეკრება. კარანტინის მიმდინარეობისას საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა არამარტო ამ ორ მუნიციპალიტეტში არამედ მთელ ქვეყანაში გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველაფერი გააკეთეს, რათა ხელი შეეშალათ კოვიდ 19-ის გავრცელებისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება, თითქოს საქართველო მხოლოდ ერთი თუნდაც ყველაზე მსხვილი რელიგიური კონფესიის -მართლმადიდებელთა - სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად არასწორი და არაზუსტი წარმოდგენა აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფოზე. საქართველო სამოქალაქო სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაც თანაბარუფლებიან მოქალაქეებად განიხილავს ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა. მინდა განსაკუთრებული გამძლეობა, სიმტკიცე და ჯანმრთელობა ვუსურვო საქართველოს იმ მოქალაქეებს ,განურჩევლად მათი რელიგიური მრწამსისა, რომლებსაც განსაკუთრებული კარანტინის პირობებში უწევთ ცხოვრება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე