მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნას სოციალური დისტანცირება - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველო, თბილისი - 21:34 | 15.04.2020
ნანახია: 658

თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული, - ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ დაიხურება ეკლესიები და დაცული იქნება სოციალური დისტანცირება.
„როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნას სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.

„დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან იქნება მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა კი, ფიზიკური პირებისთვის ითვალისწინებს 3 ათას ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე