უფალი ღმერთიც ვერ გიშველით - დნეპრის მერი სასულიერო პირებს უმკაცრესი ზომებით დაემუქრა, თუ ისინი სააღდგომო ლიტურგიას მრევლთან ერთად ჩაატარებენ

საქართველო, თბილისი - 13:57 | 15.04.2020
ნანახია: 923

უკრაინის ქალაქ დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) მერი ბორის ფილატოვი სასულიერო პირებს მკაცრი ზომებით დაემუქრა თუ ისინი სააღდგომო ლიტურგიას მრევლთან ერთად ჩაატარებენ.

„ყველაფერი, რისი თქმაც თქენთვის ხელისუფლებას სურდა, უკვე გითხრათ 9 აპრილს ეპარქიაში შეხვედრაზე. როგორც მივხვდი, ზოგიერთმა ეს ვერ გაიგო. მაშინ კიდევ ერთხელ მომისმინეთ. პოლიციის მიერ გაცემული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის საქმეების გარდა, თქვენ მიიღებთ ქალაქის ხელისუფლებისგან ღონისძიებათა მთელ კომპლექსს“, - წერს ფილატოვი ფეისბუქის გვერდზე.

ის სასულიერო პირებს წყლისა და შუქის გამორთვით, ასევე ეკლესიების მიმდებარე ქუჩების გადათხრით დაემუქრა.

„გინდათ ისხდეთ წყლისა და შუქის გარეშე? დახურულ კართან და გადათხრილ გზებთან ერთად? ჩვენ ყველაფრით უზრუნველგყოფთ. ასევე დაელოდეთ მიწებზე დოკუმენტებისა და სხვა ნებისმიერ რეკონსტრუქციაზე ნებართვების გაუქმებას“, - აღნიშნა  ფილატოვმა.

ამასთან, მერმა განაცხადა, რომ თუ მღვდელმსახურები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან, ამას მოყვება ნეგატიური შედეგები თავად სასულიერო პირებისთვის.

 „გულწრფელად გაფრთხილებთ, ვერავინ გიშველით. ვერც ჩემი შესანიშნავი ურთიერთობა მეუფე ირინეოსთან (არქიეპისკოპოსი), ვერც დეპუტატების ლობი და ვერც უფალი ღმერთი“, - დაწერა  ქალაქის მერმა.

კორონავირუსის გავრცელების გამო უკრაინაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  3 764-ს მიაღწია, გარდაიცვალა 108, ხოლო გამოჯანმრთელდა 143 პაციენტი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე