მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 11:24 | 12.04.2020
ნანახია: 570

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

ბზობა, (ბაიაობა) — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე