იტალიაში COVID-19-ით 100 მედიკოსი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 09.04.2020
ნანახია: 764

იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილი მედპერსონალის რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ინფორმაციას იტალიის ექიმთა პროფესიული ასოციაცია Fnomceo ავრცელებს.

ასოციაციის ცნობით მეასე გარდაცვლილი ვენეციელი 62 წლის ექიმია.

მისივე ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში იტალიაში ინფიცირებულ მედიკოსთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. ამ მონაცემებით ინფიცირებულ მედპერსონალს შორის 20 პროცენტს ექიმები შეადგენენ.

პროფკავშირები ინფიცირების დიდ რაოდენობას სამედიცინო დაწესებულებების მართვის შეცდომათა ჯაჭვს უკავშირებს, მათ შორის კლინიკების  სტერილურ და ჩვეულებრივ ზონებად დაყოფის დროს დაშვებულ შეცდომებსა და არასრულყოფილად შესრულებულ ვენტილაციის სისტემებისა და სადეზინფექციო სამუშაოებს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ გამოაქვეყნა, ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 139 400 შემთხვევა, 26 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსს 17 669 ადამიანი ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პაციენტების რაოდენობა ზედიზედ მეხუთე დღეა იკლებს, ბოლო 24 საათში რეანიმაცია დატოვა კიდევ 99-მა მძიმე დაავადებულმა. ასევე პანდემიის დაწყებიდან  უკვე მესამედ და ზედიზედ მეორე დღეა იკლებს ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა. ბოლო მონაცემები კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელებაზე მეტყველებს, რაც დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე