აპრილის ბოლოს იქნება კორონავირუსის 1000-1200 შემთხვევა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 01:08 | 08.04.2020
ნანახია: 1079

კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-400-მდე შემთხვევების რაოდენობა. აპრილი იქნება საკმაოდ რთული. შემდგომ ყოველკვირეულ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება, იყოს გაორმაგება. აპრილი, მაისის პირველი კვირა იქნება საკმაოდ რთული,- ამის შესახებ  საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400-ის ფარგლებში [შემთხვევების რაოდენობა]. ჩვენი გამოსვლების დროს აღინიშნებოდა, რომ ეს თვე (აპრილი) იქნებოდა საკმაოდ რთული. შემდგომ ყოველკვირეულ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება, იყოს გაორმაგება. აპრილი, მაისის პირველი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, - აღნიშნავს გამყრელიძე. ის სხვადასხვა ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობის კლების ტენდენციას მძლავრი სოციალური დისტანცირების ინსტრუმენტებს უკავშირებს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველომ საკმაოდ ადრე და დროულად გადადგა და სწორედ, ამით არის განპირობებული დიდი ეპიდაფეთქების თავიდან აცილება.

ამირან გამყრელიძე სხვა მოდელებსაც შეეხო. „თუმცა არის სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება, იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ, ივლისში, ან სექტემბერში და ა.შ. ამაზე გარკვეული პერიოდულობით ჩვენთან იკრიბება ჯგუფი, ამაზე ვმსჯელობთ და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, დაესწროს ამ შეხვედრებს“, - თქვა მან.

გამყრელიძის აზრით, ყველაზე ცუდი პროგნოზით, აპრილის ბოლოს იქნება 1000-1200 შემთხვევა და ამავე დროს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ბევრად მოიმატებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე