2016 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურ PR კამპანიებს იწყებს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 05.01.2016
ნანახია: 1684

2016 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტი აქტიურ PR კამპანიებს იწყებს. როგორც  დეპარტამენტში განმარტავენ, უწყებამ 2015 წელს აქტიური პიარ და სარეკლამო კამპანიები განახორციელა 9 სამიზნე ქვეყანაში. აქტივობები სამიზნე ქვეყნების 20-მდე ქალაქში გარე და ონლაინ რეკლამებს, ასევე აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა.

„აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტმა 2015 წელს 35 ინფოტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც რეგიონს წამყვანი მედია საშუალებების 228 ჟურნალისტი და 144 ტურ-ოპერატორი სტუმრობდა“, აღნიშნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

პრესს ტურების შედეგად სამიზნე ქვეყნების წამყვან მედია გამოცემებში რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ 170-მდე სარეკლამო ხასითის სტატია დაიბეჭდა, ასევე მომზადდა ტელე და რადიო სიუჟეტები, რომელთა წვდომამ საერთო ჯამში 38 263 593 შეადგინა.

როგორც მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, 2015 წელს, ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანიები აწარმოა თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში, ისრაელში, პოლონეთში, ყაზახეთში, ლიტვასა და საქართველოში. რეკლამები მოიცავდა ბილბორდებს, ლაითბოქსებს, ავტობუსების ბრენდირებას, გაჩერებების შეფუთვასა და რეკლამებს ეკრანებზე ხალხმრავალ ადგილებში.

„გარე რეკლამების წვდომამ აღნიშნულ ქვეყნებში 43 687 537 შეადგინა. გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი 2015 წელს აქტიურად ახორციელებდა რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებითაც, შედეგად დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს Gobatumi.com 411 588 მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. აჭარის რეგიონის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტმა გასულ წელს 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებსა და ეკონომიკურ ფორუმებში ყაზახეთში, უკრაინაში, საფრანგეთში, ბულგარეთსა, კვიპროსსა და თურქეთში“, აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2015 წელს, წინა წლისგან განსხვავებით ტურიზმის დეპარტამენტმა PR აქტივოვობები არამარტო ზაფხულის სეზონამდე, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებსა და ზამთარშიც განახორციელა. სარეკლამო კამპანიებიდან, სამიზნე ქვეყნებში განხორციელებული რეკლამების გარდა, აღსაღნიშნავია დეპარტამენტის მიერ მომზადებული 15 წამიანი სარეკლამო კლიპი ზამთარში აჭარაში დასვენებისა და დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ტელეარხის „Discovery Channel” ეთერით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იანვრის ბოლომდე გადაიცემა. აღნიშნულ ქვეყნებში Discovery Channel 1,5 მილიონი მაყურებელი ჰყავს. აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოშიც, რაც ქვეყნის დიდ ქალაქებსა და თბილისში სარეკლამო ბილბორდების, ფოტო-ბანერების განთავსებასა და სარეკლამო ფლაერების გავრცელებას, ასევე საქართველოს რეგიონალურ არხებზე („აჭარის ტელევიზია“ „გურჯაანი“, "ქვემო ქართლი TV“, "თრიალეთი", "მეცხრე ტალღა") სარეკლამო კლიპის გაშვებას გულისხმობდა.

„2016 წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურ PR კამპანიებს იწყებს რუსეთშიც, რადგან ამ ქვეყნის მიერ დაფიქსირდა დიდი ინტერესი რეგიონის მიმართ, რასაც ემატება განახლებული ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, დეპარტამენტი გაზრდილი ბიუჯეტის შედეგად სამიზნე ქვეყნებში გეგმავს როგორც პირდაპირ რეკლამებს (ბილბორდები, ლაითბოქსები, ეკრანები, ავტობუსების ბრენდირება და გაჩერებების შეფუთვა), ასევე სხვადასხვა პიარ აქტივოებებს, მათ შორის კონკურსებს, აჭარის დღეებისა და ფესტივალების მოწყობას, პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას“, აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე