დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 4,9 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 04.01.2016
ნანახია: 1334

2015 წლის დეკემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 3,8 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17,3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (12,3 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (9,7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,98 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (24,2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7,7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,3-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (10,8 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,1 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე