მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 280.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 30.12.2015
ნანახია: 1350

2015 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 280.3 მლნ აშშ დოლარი (651.4 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 7.9 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას აკისრია. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის მესამე კვარტალში წლიური 5.6 პროცენტიანი ზრდის შედეგად 1.2 მლრდ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 24.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8.9 პროცენტით შემცირდა. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გრანტით მიღებული მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 17.1 პროცენტით  შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. მომსახურების ექსპორტი წლიურად 8.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 14.2 პროცენტით გაიზარდა და 741.8 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ნაწილობრივ ანეიტრალებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 15.3 პროცენტით გაიზარდა და 468.0 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მათგან, სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერები 5.1-ჯერ გაიზარდა,  ძირითადად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული 175.2 მლნ აშშ დოლარის დახმარების ხარჯზე, ხოლო სხვა სექტორების მიმდინარე ტრანსფერების კრედიტი 34.1 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე  კვარტალში 473.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 13.4 პროცენტია. მესამე  კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საფინანსო და სამშენებლო სექტორებში განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე