დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებული საწარმო დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 30.12.2015
ნანახია: 1401

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო დაათვალიერა. კომპანია „ჯორჯიან პროდაქტ“-ის მიერ წარმოებული პროდუქცია მთლიანად ორიენტირებულია ევროკავშირის ბაზარზე და ქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით „Made in Georgia“ გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“, რომელიც ცხოველთა ავეჯს აწარმოებს, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2 500 000 აშშ დოლარს შეადგენს. შპს „ჯორჯიან პროდაქტ“-ს დღეისთვის საწარმოში 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საწარმო ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა, მომავალში საწარმოო სიმძლავრის გაზრდა იგეგმება.

„ჯორჯიან პროდაქთს“ პროდუქცია დასავლეთ ევროპაში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით შეაქვს. „ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ქართული კომპანიების სასარგებლოდ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ეს არის სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „მე მჯერა ქართველი ბიზნესმენებისა. მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ისინი ქმნიან დოვლათს და ადამიანებს ასაქმებენ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 139 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 360 მლნ. ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 6,800 ადამიანი.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე