არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება - ზვიად ძიძიგური

საქართველო, თბილისი - 14:45 | 12.02.2020
ნანახია: 829

არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება, როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მოიხედავად იმისა, რომ სასამართლო რეფორმა იყო ძალიან წარმატებული, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენით, სასამართლო რეფორმის კრიტიკოსების წისქვილზე დაესხა წყალი.

„არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება, როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს. ეს არის ცალსახად, რომ მოსამართლე და სასამართლო არიან მიკერძოებულნი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია, პროცედურული ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება სტრასბურგში და ქართული მხარე აქედან მხოლოდ დაზარალდება.

მისი თქმით, ამას შეუძლია, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონიოს და არავითარ შემთვევაში ეს არ შესუსტდება.

„არ მახსოვს არც ერთი პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა შესუსტებულიყო. ამას შეუძლია, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონიოს და არავითარ შემთვევაში ეს არ შესუსტდება. გინახავთ ვინმე შეშინებული, როდესაც საპროტესტო აქციის დროს აკავებენ? მთავარი, რაც სჭირდება ქვეყანას, არის პოლიტიკური სტაბილურობა, განსაკუთრებით, წელს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად, წყნარად და კანონის სრული დაცვით. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამას ისიგრძეგანებს. სხვაგვარად ჩვენ შეიძლება, მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. უმართავი პროცესები შეიძლება წარიმართოს ქვეყანაში, თუკი გაგრძელდება ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა. ეს უნდა შეწყდეს და დასრულდეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე