ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტი 141 მლნ 463 ათასი ლარით განისაზღვრა

საქართველო, თბილისი - 10:43 | 30.12.2015
ნანახია: 1412

ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტი 141 მლნ 462,9 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც მერიაში განმარტავენ, ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, 75 მილიონ 157ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ პროგრამებთვისაა გადანაწილებული, რაც გულისხმობს საგზაო, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სერვისის განვითარებას; საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარებას; ქალაქის გაფორმებას და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია - დემონტაჟს; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას.

ბიუჯეტში 14 მლნ 271 ათასი ლარი განათლების მიმართულებითაა გათვალისწინებული. აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამები.
კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პროგრამების მხარდაჭერისთვის 2016 წლისთვის 16 მლნ 198 ათასი ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის გათვალიწინებულია 10 მლნ 997 ათასი ლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე