აკადემიის მსმენელთა საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 29.12.2015
ნანახია: 1921

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი წარმატებით დაასრულეს. საზეიმო ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა. 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია დაესწრნენ.

ცერემონიის მსვლელობისას სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
მოგვიანებით მსმენელებს სწავლების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო პროცესი 24 ნოემბერს დაიწყო და 5 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სამხედრო მოსამსახურებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. ხუთი კვირის განმავლობაში მათ სამწყობრო და ფიზიკური მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარების, კავშირგაბმულობისა, და სამხედრო ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები გაიარეს. განსაკუთრებული ყურადღება საცეცხლე მომზადებას დაეთმო. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე თავდაპირველად 66 მსმენელი ჩაირიცხა. კურსი წარმატებით გაიარა 62-მა მსმენელმა, მათ შორის სამმა ქალბატონმა.

საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ მსმენელები სწავლას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე