მიტ რომნი შეუერთდა ამბოხებას და ამიტომ უნდა გაირიცხოს რესპუბლიკური პარტიიდან - დონალდ ტრამპი უმცროსი

საქართველო, თბილისი - 11:28 | 06.02.2020
ნანახია: 797

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპი უმცროსი სენატორ მიტ რომნის რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხვის ინიციატივით გამოვიდა, იმის გამო, რომ მან მხარი ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა.

 „ის (რომნი) მეტად სუსტი იყო იმისთვის, რომ დემოკრატებზე გაემარჯვა (2012 წლის პრეზიდენტის არჩევნებში). ახლა კი მათ შეუერთდა. რომნი ოფიციალურად შეუერთდა ამბოხებას და ამიტომ უნდა გაირიცხოს რესპუბლიკური პარტიიდან“- განაცხადა ტრამპის ვაჟმა.

ტრამპი უმცროსი დარწმუნებულია, რომ რომნი აშშ-ის პრეზიდენტი ვერასდროს გახდება.

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.

სენატორებმა ბრალდების ორივე მუხლი ხმათა უმრავლესობით უარყვეს: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლა.

ტრამპის წინააღმდეგ ერთადერთმა რესპუბლიკელმა, გავლენიანმა სენატორმა მიტ რომნიმ მისცა ხმა. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა შეუფასებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ფიცსა და ამერიკის კონსტიტუციას.

პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას, სენატის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 67 ხმა სჭირდებოდა.

იმპიჩმენტის პროცედურა სენატში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამერიკის ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო და ის სენატში განიხილეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე