ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დაგეგმილი აქცია გადადო

საქართველო, თბილისი - 10:36 | 04.02.2020
ნანახია: 714

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია-პიკეტის გადადების შესახებ განცხადება, ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურიმა მდივანმა გიგი უგულავამ ოპოზიციის სახელით გააკეთა.

"გუშინ ღამე, ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად, 5 სულიანი ოჯახი და მათი ახლობელი გარდაიცვალა. აქედან 4 ბავშვია, ერთი კი ფეხმძიმე ქალბატონი. მე მინდა მივუსამძიმრო გორგოძეების ოჯახსა და მათ ახლობლებს, ჩემი და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით.

ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, გუშინ ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია-პიკეტი და სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოს, დღევანდელი სხდომის გადადებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ოპოზიციის წევრები საპროტესტოდ მაშინ შეიკრიბებიან, როდესაც პარლამენტის სხდომა გაიმართება.

„რაც შეეხება მომდევნო გეგმებს, იმის მიხედვით, როდესაც პარლამენტის სხდომა გაიმართება, წესით ეს იქნება ხვალ 10 საათზე, ჩვენ კვლავ შევიკრიბებთ, გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ კვლავ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს. კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ განუზომელი ტრაგედიის გამო.

ხვალ ჩვეულებრივად იმ ფორმით გავაპროტესტებთ, როგორც აქამდე ვაპირებდით, ანუ სირცხვილის კორიდორით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ გადადოს დღევანდელი სხდომა ნიშნად ერთსულოვნებისა," - აღნიშნა გიგი უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე