ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 03.02.2020
ნანახია: 673

ჩინეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლების ეს განცხადება პასუხია შეერთებული შტატების გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც აშშ-მა გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს ყველა ადამიანს, ვინც ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაშ იმყოფებოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებები "მხოლოდ უსაფუძვლო შიშების წარმოქმნასა და გავრცელებას უწყობს ხელს".

მისივე თქმით, შტატების ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლის აკრძალვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ქალაქ უხანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დეკემბრის ბოლოს აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსი 2019-nCoV იყო.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ეპიდემიას 361 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებულთა რაოდენობა კი 17 ათასს გასცდა.

ჩინეთის საზღვრებს მიღმა დაავადება 20 ქვეყანაში 100 ადამიანს დაუდგინდა. ასვე დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეპიდაფეთქება გლობალურ საფრთხედ აღიარა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე