სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად შტურმს და ძალადობას განიხილავს - სოფიო კილაძე

საქართველო, თბილისი - 12:28 | 03.02.2020
ნანახია: 662

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად განიხილავს შტურმს და ძალადობას, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ოპოზიციის გეგმას, რომლის მიხედვით ხვალიდან პარლამენტის პიკეტრება იგეგმება.

სოფიო კილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად განიხილავს შტურმს და ძალადობას. ეს ძალიან ცუდია და ეს ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც როგორც ვხედავთ, ოპოზიციის ეს წარმომადგენლები არად დაგიდევენ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი თითოეული ნაბიჯი იქნება კანონის ფარგლებში“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ხვალ, 4 თებერვალს, მიმდინარე წლის პარლამენტში პირველი საგაზაფხულო სესია გაიხსნება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პარლამენტთან ხვალ დილიდან შეიკრიბებიან და პროპორციული საარჩვენოს სისტემის მოთხოვნით აქციებს დაიწყებენ. "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციაში სრული თანხმობაა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით.

"4 თებერვლის აქცია არის გამხსნელი პიკეტირება. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები. მინდა გითხრათ, რომ სრული კონსენსუსია ამ საკითხზე", - განაცხადა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე