კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ჩინეთში, 213-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 31.01.2020
ნანახია: 737

 ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ჩინეთში, 213-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 9 356 ადამიანი. იუწყება South China Morning Post-ი.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთის 17 ქალაქში დაფიქსირებულია დაავადების ახალი 1022 შემთხვევა.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.

დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი.

ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.

გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე