ქართველი და უკრაინელი დეპუტატები გვეუხეშებიან და გვეუზრდელებიან - პიოტრ ტოლსტოი

საქართველო, თბილისი - 11:15 | 30.01.2020
ნანახია: 929

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების ეშინიათ. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 „არც უკრაინის და არც საქართველოს დელეგაციებს არ სურთ პირდაპირი კონტაქტი, მათ ამის ეშინიათ, გაურბიან და აგრძელებენ მტკიცებას ოკუპაციისა და ანექსიის შესახებ. ვიდრე ისინი ამით იქნებიან დაკავებულნი, ვიდრე მათი დელეგაციების წევრების მხრიდან უზრდელური და უხეში გამოხდომები გაგრძელდება, ურთიერთობები ვერ დალაგდება“, - განაცხადა ტოლსტოიმ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე ურთიერთობა ექნებათ მხოლოდ იმ პარლამენტარებთან, რომლებიც პატივისცემით მოეკიდებიან რუსული მხარის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა დიალოგისთვის, თუმცა რუს დეპუტატებს „ეუხშებიან სესიებზე, პლენარულ სხდომებზე და კომიტეტებში“.

 „რატომ უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანებთან. რომლებიც გვეუხეშებიან და გვეუზრდელებიან? მიგვაჩნია, რომ რუსეთი ამაზე მაღლა დგას“, - განაცხადა ტოლსტოიმ.

შეგახსენებთ, სტრასგბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ზამთრის პლენარულ სესიაზე, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილებას მხარი 96-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმეგ 44 წავიდა.

რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე