ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის - თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიაზე

საქართველო, თბილისი - 12:39 | 21.01.2020
ნანახია: 728

"თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელი დაიწყო, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, როდესაც პატიმარი ითხოვს ომბუდსმენთან შეხვედრას, ის ციხეში პირადად უნდა დადიოდეს.

"ომბუდსმენიც ციხეში პირადად უნდა დადიოდეს ან პატიმარი რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, რომ იაროს ციხეში და შეხვდეს მათ.

დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, საქმე გვაქვს იმასთან, თუ რას დაწერს ომბუდსმენი თავის ანგარიშში, იმის საფუძველზე, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხეებიდან თანამშრომლები", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა.

"2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელი ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოადგილე არ არის სუპერ აქტიური, ჩვენ მისგან ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ ხოლმე, ძირითადად გენერალური დირექტორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის.

მან ჩვენსავით კარგად იცის, თუ ჩვენსავით კარგად არა, მიახლოებულად იცის თითოეული პენიტენციური დაწესებულება, გამოწვევები, პრობლემები. ძალიან ბევრი თანამშრომელი დადის არა მხოლოდ ამ მონიტორინგის, არამედ ზოგადად, პატიმრების საჭიროებების შესასწავლად საპატიმროებში", - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე