"თავისუფლების სიგნალი" - 29 დეკემბერს ერთდროული საავტომობილო სიგნალით გააპროტესტებენ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას

საქართველო, თბილისი - 13:20 | 26.12.2019
ნანახია: 785

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროული სიგნალებით გააპროტესტებენ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი წერს სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"შობისა და ახალი წლის დღეებს სხვანაირი მაგია აქვთ, მოდუნების და ძველი ტკივილების წაყრუებისმაგვარი მაგია. ამიტომაც, ეს საქმე მომავლისკენ მიბრუნებულ მზერასაც გულისხმობს. თუმცა ზოგჯერ არის ძველი წლის მწარე წილი, რომლის გახსენების გარეშე მომავალი ვერ იარსებებს - უბრალოდ მომავალი, თორემ ბედნიერი და თავისუფალი - მით უფრო. ახლა ეს წილი ვაჟა გაფრინდაშვილია.

და ჩვენ გადავწყვიტეთ, სიფხიზლისთვის, 29 დეკემბერს საქართველოში და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმას!

ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი - თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო! გაიგონებენ პაციენტები და ექიმები, ექიმები და პაციენტები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო. გავიგონებთ და გავიხსენებთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელოვანი რამ, იმაზე უფრო ზუსტი ნიშანი ადამიანად ყოფნის, ვიდრე თავისუფლებაა!

და რომ თითოეული ადამიანის თავისუფლება არის ჩვენი, მილიონობით ადამიანის თავისუფლების საყრდენი და ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანანოდ შეეზღუდა! და ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება, და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება, ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!

29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19.00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ 2020, 21 და მომდევნო წლებში.

მისია მარტივია - დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან!", - წერს გიორგი კეკელიძე.

20 დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე