ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 15:12 | 25.12.2019
ნანახია: 1217

საქართველოში მოღვაწე ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები წერილობით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

განცხადებაში, რომელსაც ძალიან ბევრი ცნობილი მოღვაწე აწერს ხელს ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი არის მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით.

"სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტ-ექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე.

ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი".

განცხადებაში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ "ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში კულტურის დეფიციტით, საზოგადოება განიცდის სულიერ და კულტურულ კრიზისს, მის დაძლევაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურამ".

მიმართვას ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, ლანა ღოღობერიძე, კახი კავსაძე, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი კალანდია, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, მარინა კახიანი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ეთერ თათარაიძე, მანანა მენაბდე, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, თამარ ლორთქიფანიძე, მანანა ანთაძე, ნოდარ ჟვანია და სხვები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე