პრინცმა ფილიპმა კლინიკა დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:25 | 24.12.2019
ნანახია: 836

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა კლინიკა დღეს დილით დატოვა. 98 წლის ედინბურგის პრინცმა საავადმყოფოს კედლებში ოთხი ღამე გაატარა, შობისთვის კი ოჯახთან დაბრუნება გადაწყვიტა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო, ისინი პრინც ფილიპის გამოწერას კლინიკასთან ელოდებოდნენ.

დასავლური მედიის ცნობით, ედინბურგის პრინცი ნორფოლკის საგრაფოში, სანდრინგემის სასახლეში გაემგზავრა, სადაც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში „პენსიაზე გასვლის შემდეგ“ ცხოვრობს. ედინბურგის პრინცი ოჯახის წევრებს შეურთდება, რომლებიც შობას ტრადიციულად ნორფოლკში აღნიშნავენ.
დასავლური მედია წერს, რომ ელისაბედ მეორის მეუღლე დასუსტებულია. ედინბურგის ჰერცოგი კლინიკაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. ოფიციალური ვერსიით, ის საავადმყოფოში გეგმიური გამოკვლევის ჩასატარებლად, ექიმის რჩევით მივიდა და საშიში არაფერია. მედია ასევე წერს, რომ მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ედინბურგის ჰერცოგი გრიპის ვირუსს ებრძოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე