ნინო ბურჯანაძემ კონსტანტინ კოსაჩევს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 06.12.2019
ნანახია: 729

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩევს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
„ვიცი, რა თქვენი ადამიანური თვისებები და ყურადღება, იმ დროს, როდესაც ასეთი რთული საკითხები ჩნდება, მსურს მოგმართოთ თხოვნით, რათა თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე ვესაუბრე, ასევე იჩენენ ამ საკითხისადმი ადამიანურ ყურადღებას და თანაგრძნობას. ასევე მზად არიან იმისთვის, რომ რუსეთმა ეს პროცესი დააჩქაროს“, - განაცხადა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხვედრისას.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში ექიმის დაკავებას ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. „მესმის, რომ ყველაფერი ჩვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამ საკითხში დახმარება საჭირო და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ აღნიშნავს, კოსაჩევმა განაცხადა, რომ მზად არის ეს საკითხი პარლამენტის დონეზე დააყენოს. „თუმცა ცხადია, კარგად გვესმის, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა. ჩვენი მხრიდან არ შეგვიძლია ეს საკითხი გადავჭრათ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების გვერდის ავლით. ჩვენ ძალას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას მისი ჰუმანურობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კოსაჩევმა.
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავა. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც გატაცებული ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე