სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:26 | 04.12.2019
ნანახია: 927

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურა საუბრობს “რუსთავი 2“-ის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი გვაქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადების ფაქტს, გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე სრული მოცულობით გადაცემული იქნება არსებითად განსახილველად. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მან მიიღო დაახლოებით 76 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი. განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტონობილზე, კერძოდ, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა გადაღება ავტომობილის და კონკრეტულად, ვინ სარგებლობდა ამ ავტომობილით“ - აცხადებს ზვიად გუბელაძე.

 ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ბრალდებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს. აქცენტი კეთდება საქმის პოლიტიკურ სარჩულზე. 

“განსახილველი საქმე საერთოდ არ მიეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას, ეს არ არის სისხლის სამართლის სფეროს შემადგენელი ნაწილი. ეს მაქსიმუმ, შეიძლება ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი და ბუნებრივია, ვერც ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს, რაც დაადასტურებდა თუნდაც პირის ბრალეულობას,“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე