სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების ქვე-ჯგუფი შემაჯამებელ რეკომენდაციებს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 14:18 | 28.12.2015
ნანახია: 1514

29 დეკემბერს, სასტუმროში „ ჰოლიდეი ინ“-ში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაცია ოქსფამის მხარდაჭერით სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების განხილვას მართავს.

ეს არის პირველი ეტაპი, რომელშიც მომავალ წელს საფუძვლად დაედება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავებაში სამინისტროს ტექნიკური დახმარება გაუწია საერთაშორისო ორგანიზაცია ოქსფამმა პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ ფარგლებში. სასურსათო უსაფრთხოების მიმართულება წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურეობის განვითარების სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგადად სოფლის მეურნეობის სტრატეგიის წარმატებით განხორციელებაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 12.08.2015 წლის N2-185 ბრძანების საუძველზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის თავმჯდომარეობით, სადაც გაერთიანებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ბრძანების შესაბამისად, სამუშაო ჯგუფს დაევალა რეკომენდაციების შემუშავება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

სურსათით უზრუნველყოფა წარმოადგენს ადამიანის უფლებას, რომელზეც სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი. მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, თითოეული ქვეყნის წინაშე მწვავედ დადგა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები. აქედან გამომდინარე, ისეთი მასშტაბის ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია არსებული აგროსასურსათო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და მიზანმიმართული განვითარება.

ინტენსიური მუშაობის შედეგად, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა განხილვა დაგეგმილია ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე