ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას - გახარია

საქართველო, თბილისი - 10:35 | 28.11.2019
ნანახია: 735

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტს მოუწოდა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში, ეფექტიანად განაგრძონ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება. გიორგი გახარიას თქმით, ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას.

„ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება, ჩვენი კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მედიკოსზე, მასწავლებელზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რაც უნდა შესრულდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და, ვინც არ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე