აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 28.12.2015
ნანახია: 1294

2016 წლიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იწყებს ახალ პროექტს, რომელიც სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ეს იქნება მოკლე ხნიანი (1 დღიანი), ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე საათიანი სატრენინგო მომსახურების შეთავაზება ტურიზმის სფეროს მოქმედი თანამშრომლებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს მომსახურების ხარისხს ტურიზმის სექტორში.

თუმცა მანამდე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ორ კვირიანი ტრენინგები დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ტრენინგები შეაჯამებეს და მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.

სულ ტრენინგების ფარგლებში 145-მდე ადამიანი გადამზადდა, მათ შორის სასტუმროსა და რესტორნების მენეჯერები, ადმინისტრატორები, მიმტანები, რეზერვაციისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ასევე ტურსააგენტოების მენეჯერები და წარმომადგენლები. ისინი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში გადამზადნენ, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები 13 დეკემბერს, სასტუმრო ჰილტონში დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა.

ტრენინგის მიზანი რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლებაა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აქტიურად ეწევა. მიმდინარე წლის დასაწყისში დეპარტამენტმა უკვე გადაამზადა ტურიზმის დარგში დასაქმებული 155 ადამიანი. 2015 წელს კი მთლიანობაში 300- მდე ადამიანი გადამზადდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე