არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 16:23 | 01.11.2019
ნანახია: 690

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და კათოლიკოს-პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებს.

"არ ვიცი და ვერ ვერკვევი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში, რომელიც ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძლაა და არაფერი აქვს საერთო სუფთა და ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან (ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში ბოლო რამოდენიმე წელია საჯაროდ არიან ჩართულნი, საერთო არაფერი აქვთ რწმენასთან, ქრისტიანობასთან, წესიერებასთან...).

მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცალსახაა, ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის.

მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც ამ მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა, რომელიც ასევე ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი და ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისას არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი", - წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის წარდგინებით, სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან "განაყენა".

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქმა უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან. პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა.

"საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა", - თქვა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: "სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე", - თქვა მეუფე პეტრემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე