ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ - ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“

საქართველო, თბილისი - 14:31 | 29.10.2019
ნანახია: 763

„მუდმივად გვესმის, თურმე „ქართული ოცნება“ აიღებს 60%-ს, ალბათ 80%-ს და შესაძლოა, 95%-ს, რატომ არა 100%-ს, თქვენ ხომ საერთოდ არავინ გჭირდებათ და აიღეთ პირდაპირ 100%, დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს“, - მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.

მისი თქმით, შუალედური არჩევნები პოლიტიკური კლასისთვის უინტერესო იყო და არ აისახება 2020 წლის არჩევნებზე.

 “შუალედური არჩევნები რომ ჩატარდა, პოლიტიკური კლასისთვის აბსოლუტურად უინტერესო იყო და მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, ის შედეგი არანაირად არ აისახება 2020 წლის საარჩევნო შედეგზე. თქვენ ხართ ის ხელისუფლება და ხალხი, რომელიც თქვენს მენტალიტეტში ვერ იცვლებით, არაფრის დათმობა და გაყოფა არ გინდათ... როდესაც ემოციურად აცხადებთ ხოლმე, რომ კოალიციას არავისთან არ შექმნით და რაღაც წითელი ხაზები გაქვთ, ჩვენც გვაქვს გავლებული წითელი ხაზი თქვენთან”, - განაცხადა ინაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ „პატრიოტთა ალიანსზე“ მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს და მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას სიფხიზლე მართებს, რათა „ოცნების“ წყალობით ხელისუფლება ხელში არ ჩაიგდოს სააკაშვილმა.  

„კოალიცია კი არა, სანატრელი გაგიხდებათ მოკავშირეები, რომლებიც არ გეყოლებათ. განიავდით,  ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ, მაგრამ ეტყობა, თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეაში ხართ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ კლასს, ასევე საზოგადოებას, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. მართლა გადამწყვეტი იქნება 2020 წლის არჩევნები ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან „ქართული ოცნების“ წყალობითა და ხელშეწყობით ხელისუფლება ხელში კიდევ არ ჩაიგდონ სააკაშვილმა და ბოკერიამ. სიფრთხილე და სიფხიზლე მართებთ საზოგადოებასა და ქართველ ხალხს. პროცენტების ბრახაბრუხზე თუ მიდგა საუბარი, ჩვენზე მეტი მხარდამჭერი რეალურად არ გყავთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე