დავით ონოფრიშვილი: როცა კონკრეტულ პროგრამას ითვლი და 20% შეგეშლება, რაღაც სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე

საქართველო, თბილისი - 13:17 | 25.12.2015
ნანახია: 1985

პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის მუშაობის სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმატებული ნაწილი ასე გამოიყურება: ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, ვიზალიბერალიზაცია, „ახალი აბრეშუმის გზისპროექტი და ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები. გატარებულ რეფორმებს შორის კი განსაკუთრებული აქცენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე კეთდება

გაზრდილი პენსიები, მომატებული ხელფასები, სოციალური შეღავათები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლება, - უკვე განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამწლიანი ანგარიში 2016 წლის პრიორიტეტებიც მოიცავს

აღნიშნული მოხსენების გამო ხელისუფლება ამჯერადაც ოპონენტების კრიტიკის ადრესატია, იქიდან გამომდინარე, რომ სამთავრობო ანგარიში ქვეყანაში არსებული რეალობისგან შორს დგას. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის წინსვლაზე ასეთი ხმამაღალი საუბარი არადამაჯერებლად გამოიყურება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე. აღნიშნულ თემასათან დაკავშირებულ დეტალებზეპრაიმნიუსჯორჯია პოლიტიკური პარტიათავისუფალი დემოკრატებისწარმომადგენელს, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილს ესაუბრა:

 

- ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებამდე, პარლამენტმა დაამტკიცა მომავალი წლის სახელმწიფო მთავრობის ბიუჯეტი, რომელსაც თქვენ მხარი არ დაუჭირეთ , ხოლო მისი ხარვეზები მთავრობის არაეფექტურ მუშაობის შედეგად მიიჩნიეთ. საინტერესოა, ეკონომიკური გუნდის ერთწლიანი მუშაობის შეფასება და რაში გამოიხატება 2016 წლის უმთავრესი დოკუმენტის უპერსპექტივობა?

- ვფიქრობ, ჩვენს ნებისმიერ თანამემაულეს თუ რაიმე ახსოვს ნეგატიური, სამწუხაროდ, პირველ რიგში ლარის გაუფასურებასა და სავალუტო კრიზისთან არის დაკავშირებული. სწორედ, შარშან, იანვრიდან დაიწყო ლარის შეუჩერებელი გაუფასურება, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ ლარის კურსი არის 30%-ით გაუფასურებული. ის გარკვეულწილად გამყარდა 1 დოლარი 2.4 ლარის ფარგლებში. უპირველესად იმ ადამიანებს, ვისაც სესხები ჰქონდა დოლარში, ურთიერთობა ჰქონდა საფინანსო ინსტიტუტებთან, ყველას სერიოზული პრობლემა შეექმნა და ეს არის ათიათასობით ოჯახი, ვისაც დღეს 30%-ით მეტი თანხით უწევს ვალდებულებების გადახდა მხოლოდ იმის გამო, რომ ლარის გაუფასურება მოხდა. ამის გარდა, ფასები სურსათზე და მთლიანობაში, კეთილდღეობის დონე წელს არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის როლი კი, საკმაოდ უარყოფითი იყო. ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ეს გაუფასურება დაიწყო, ვიდრე დოლარმა 2 ლარს არ მიაღწია, მანამდე არც სჯეროდათ, რომ გაუფასურება რეალურად მიმდინარეობდა. პარალელურად, ძალიან არასერიოზული შეთავაზება ჰქონდა მოსახლეობას, რომ დაექირავებინათ ფინანსური მრჩეველი. „თავისუფალი დემოკრატები“ ინტენსიურად მოვითხოვდით, მთავრობას ჩამოეყალიბებინა კონკრეტული გეგმა, რა ღონისძიებების გატარებას აპირებდნენ, რომ ნეგატიური პროცესები შეჩერებულიყო. ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ და ასე გაგრძელდა ზაფხულამდე, როდესაც პრაქტიკულად ხელისუფლების როლი ვერ დავინახეთ ლარის გაუფასურების შემსუბუქებაში. კიდევ უფრო უარესი იყო, რომ მთავრობამ პრობლემის თავიდან აცილება და ეროვნულ ბანკზე გადაბრალება დაიწყო. შემდეგ მოსახლეობა უყურებდა, როგორ აბრალებდნენ ერთმანეთს მთავრობა და ეროვნული ბანკი, ვისი მეტი როლი იყო შექმნილ კრიზისში.

-თქვენი აზრით, ვისი როლი უფრო მეტი იყო სინამდვილეში?

ცხადია, მთავრობის როლი მეტი იყო, რადგან ინვესტიციების მოზიდვა, რამაც მნიშვნელოვნად იკლო 2015 წელს, შემცირდა ექსპორტი და იმპორტი, ასევე სერიოზულად იკლო გადმორიცხვებმა, რომელიც ჩვენი თანამოქლაქეების სახელზე უცხოეთიდიან ირიცხება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ყველაფერმა ერთად, უარყოფითად იმოქმედა ვალუტის შემოდინებაზე, სავალუტო შემოსავლების სიმცირემ გამოიწვია დისბალანსი ლარისა და ვალუტის მასებს შორის. ამ პრობლემების მოუგვარებლობაში, ცხადია, მთავრობის წილი მეტია, ვიდრე ეროვნული ბანკის, თუმცა ისინიც პასუხისმგებლები არიან, რაც ქვეყანაში მოხდა.

-ამ მიზეზების საწინააღმდეგოდ, მთელი წლის განმავლობაში, ხელისუფლებას ჰქონდა ერთი არგუმენტი, რომ ლარის გაუფასურება და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გამომდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებიდან და საქართველოს სუსტი ეკონომიკა გლობალურ პროცესებს ვერ უძლებს. ამართლებს თუ არა ეს არგუმენტი მთავრობის ეკონომიკური ბლოკის დამოკიდებულებას ქვეყნის შიგნით მიმდინარე დისბალანსზე?

-ეს არგუმენტები ხელისუფლებისგან ყველას ხშირად გვაქვს მოსმენილი, რომ პრობლემებია რეგიონში, იგივე რუსეთ-უკრაინის ომი, რამაც ცხადია, იმოქმედა და მეც ვეთანხმები იმპორტის და ვაჭრობის შემცირებაის ნაწილში. გარკვეულად იყო სხვა მოვლენები, რაც ვითარდებოდა ვალუტების დევალვაციასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტი ნამდვილად არ ყოფილა. მთავარი ფაქტორი გახლდათ, რომ ქვეყანაში არ გრძელდებოდა რეფორმები. შარშან, ამ დროისთვის დაითხოვეს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მაღალჩინოსანი, რომლებიც პირდპირ ერეოდნენ ინვესტორებთან საკითხების მოგვარებაში, ზოგს აძლევდნენ შემოსვლის უფლებას, ზოგს-არა. ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი იყო დავებთან დაკავშირებით. ეს ფაქტორები ნამდვილად არ არის დაკავშირებული უცხოეთში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემებთან.

-„თავისუფელმა დემოკრატებმა“ 2016 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეთ და უპერსპექტივო დოკუმენტი უწოდეთ. რაში მდგომარეობს მისი უპერსპექტივობა?

-პირველ რიგში ის, რომ ბიუჯეტში გადანაწილება-პრიორიტეტები არ არის ისეთი, რაც ჩვენ გვგონია, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. პროექტის პირველ ვარიანტში პენსიების ზრდა არ იყო ჩადებული, ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ. პირადად მე, არაერთხელ განვაცხადე, რომ ამ ბიუჯეტში მოინახებოდა გარკვეული თანხები, რათა პენსიები მინიმუმით მაინც გაზრდილიყო. რასაც თავი მოაბეს ის იყო, რომ პენსია 20 ლარით გაიზრდება და ისიც 1 ივნისიდან. 160 ლარიანი პაენსია და ბოლო ორი წლის ინფლაცია რომ აიღოთ ფაქტობრივად, 18 ლარი გამოდის. პრაქტიკულად მოხდა პენსიების ინდექსირება, ანუ მოხდება იმ დონით გაზრდა, რომ მსყიდველობითუნარიანობა იგივე მაინც იყოს, რაც მანამდე ჰქონდათ პენსიონრებს. ეს პენსიის რეალურ გაზრდას არ ნიშნავს. როგორ თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაატარა საპენსიო რეფორმა და 9 წელი გადადო, ასევე კოალიციამ „ქართული ოცნება,“ რომელსაც საპროგრამო დოკუმენტებში 2012 წელს გაცხადებული ჰქონდა საპენსიო რეფორმა, ოთხი წლის განმავლობაში ეს რეფორმა არ ჩაატარეა. საქართველო დღემდე გამონაკლისი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პენსიების ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული ბიუჯეტის ავ-კარგიანობაზე და არანაირი კავშირი არა აქვს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან, რაც არის მთავარი ნაბიჯი აღნიშნული რეფორმისკენ.

-სოციალუირად უმძიმეს ფონზე ხელისუფლების მხრიდან ძალიან ხშირად ისმის, რომ მისი მთავარი და წარმატებული რეფორმის შედეგი ჯანდაცვის სისიტემაა, რომელსაც ასევე ჰყავს კრიტიკოსები. რამდენად წარმატებულად მიიჩნევთ ამ სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს?

-როცა „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციის ნაწილი ვიყავით, ჩვენც თანამონაწილე ვიყავით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც კარგი და სამართლიანია, მაგრამ აქაც ბევრი პრობლემებია, რასაც „ქართული ოცნება“ თავს ვერ აბამს. მაგალითად, მიმდინარე წელს, აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის ხარჯებს 96 მილიონი ლარი აკლდებოდა, რისი დამატებაც მოხდა ნოემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საფუძველზე. ეს დამატება რომ არ განხორციელებულიყო, ჯანდაცვის პროგრამა ჩავარდებოდა. ცხადია, ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ პროგრამა ჩავარდეს, მაგრამ კრიტიკულად ვუდგებით ამ საკითხს. როცა კონკრეტულ პროგრამას ითვლი და 20% შეგეშლება დაფინანსების პარამეტრში, რაღაც სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. შეიძლება შეგეშალოს 1-3% მაგრამ, არა 20. საყოველთაო ჯანდაცვამ ყოველმხრივ მოიცვა ქვეყნის მოსახლეობა, თუმცა მეორე მხრივ, უამრავი პრობლემებია ხარისხში, მიწოდებაში, დროულად სერვისების მომსახურებაში, განსაკუთრებით რეგიონებში.

-ზოგადად ეკონომიკაში და ბაზარზე არსებობს ბევრი ნიუანსი, რომლის გაუმჯობესებაც ყველა რიგით მოქალაქისთვის შეუმჩნეველია. ამ მხრივ როგორ არის საქმე?

-ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომლის კანონპროექტი მე შევიმუშავე პარლამენტში სამი წლის წინ, მაშინ უმრავლესობაში ვიყავი და მთვრობამ შემაჩერა იმ მოტივით, რომ ამასთან დაკავშირებით სრულყოფილ პაკეტს ამზადებდა და დღემდე არც ის პაკეტი გვინახავს და ის კანონი დღესაც გაჩერებულია. ასე გავიდა ოთხი წელი, ძალიან ბევრი მიმართულებით არასრულყოფილად, დაგვიანებით ხდება რეფორმების გატარება. ცხადია, გარკვეული მიმართულებებით მცირე პროგრესი არის, მაგრამ მოსახლეობას ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდა და დაპირება არ იყო, რომ რეფორმები ასე ზოზინ-ზოზინით ჩატარებულიყო, ან საერთოდ გადადებულიყო. ეს არის ამ ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგი.

-აღნიშნული პრობლემები მხოლოდ მთავრობის არაკომპეტენტურობით აიხსნება, თუ არსებობს სხვა ფაქტორები, სადაც ხელისუფლება ისეთ წინააღმდეგობებს ხვდება, რასაც ობიექტური მიზეზებით თავს ვერ ართმევს?

-ცხადია, არაერთი ფაქტორი არარსებობს და ერთი თავადაც დაასახელეთ. ფაქტია, რომ თვითონ მთავრობა უმეტეს შემთხვევაში არაკომპეტენტურია, დროულად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და მარტო მინისტრზე არ არის საუბარი. მის ქვემოთ დონეებზე ძალიან ნელა მუშაობენ, თითქოს პასუხისმგებლობას ირიდებენ, წერილები შედის და ვერ პასუხობენ, გადაწყვეტილებები გვიანდება. რაც მე ინფორმაცია აქვს, ეს ეხება ინვესტორებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღებას, მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტას და ა.შ. ასეთ მიდგომას სამინისტროებში მასიური ხასიათი აქვს და მთავრობის კრიტიკის მთავარი ფაქტორი სწორედ ეს არის: მათ აკლიათ კომპეტენტურობა და შესაბამისად არაფექტურები არიან. ამასთან, შეცდომებიც იყო დაშვებული. მაგალითად, რამდენიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ვიზასთან დაკავშირებით სერიოზული შეზღუდვები დაუწესეს მთელ რიგ ქვეყნებს, რომლებზეც არ უნდა გაკეთებულიყო და ამის რევერსი მოხდა წელს. მიწის ყიდვა-გაყიდვა სრულად არის შეჩერებული და ასე ბიზნესი ვერ განვითარდება. მე არ ვიხრები იქით, რომ უცხოელებზე მიწა პირდაპირ უნდა იქნას მიყიდული, მაგრამ ფაქტია, რომ 10-15 წლის წინ, როდესაც არსებობდა კანონი, რომ უცხოელს შეეძლო შპს-სახელზე ჰქონოდა მიწა და უცხოელებს ფულის ჩადების პრობლემა არ ჰქონდათ, დღეს, როცა საკუთრების ფორმას ვერ გრძნობენ, ფულს ვინ დააბანდებს სოფლის მეურნეობაში. თუკი საკუთრების უფლება არ არსებობს, იქ ინვესტირება სრული აბსურდია. ეკონომიკური ზრდა შემცირებულია, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი პროგნოზით, საშუალო ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო 6%-მდე და სინამდვილეში ეს არის 3,3%. დაგეგმილი 6% რომ შესრულებულიყო, წლევანდელი ბიუჯეტი 10 მილიარდი კი არა 13 მილიარდი იქნებოდა. 3 მილიარდით რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა იგივე ინფრასტრუქტურის პროექტებში, ჯანდაცის გაუმჯობესების, განათლების, ხელფასების ზრდის კუთხით. ეკონომიკა ვერ გაიზარდა, ბიუჯეტის შემოსავლები დაპირებულზე ნაკლებია და ცხადია, ყველაფერი საკმაოდ არასახარბიელო სურათს ხატავს ქვეყნის ეკონომიკისათვის.

-შიდა ეკონომიკური მდგომარეობის ასე სავალალოდ შეფასების მიუხედავად, საქართველო ვიზალიბერალიზაციის მისაღებად მომზადებულ ქვეყნად შეფასდა. როგორც მთავრობის წარმომადგენლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ოპტიმიზმისა და იმედის საფუძველს იძლევა, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით. რამდენად ახლო პერსპექტივასთან გავქვს საქმეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების პოლიტკურმა თამასამ ძალიან მაღლა აიწია?

- ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი, ბოლო წლების განმავლობაში ამისკენ არაერთი მთავრობა იღწვოდა. ჩვენი ევროინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს და ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, როცა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ვიზის გარეშე უცხოეთში წასვლა, მაგრამ ეს პირდაპირ რამდენად იმოქმედებს მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ნაკლებად სავარაუდოა. ზოგად კონტესტში ვიზალიბერალიზაცია ძალიან კარგია და „თავისუფალი დემოკრატები“ თვითონვე მონაწილეობდნენ ამ საკითხის საბოლოო წარმატებამდე მიყვანაში. ცხადია, ეს შედეგი სამართლიანი და საჭიროა ჩვენი მოქალაქეებისათვის.

”პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე