ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ვილდაუს უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:33 | 24.10.2019
ნანახია: 670

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილსა და ვილდაუს უნივერსიტეტის (TH Wildau) პრეზიდენტს, პროფესორ ულრიკე ტეპეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ლოგისტიკის საბაკალავრო ორდიპლომიანი პროგრამის შემდგომი განვითარების საკითხებსა და განიხილეს ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალები.

ვიზიტის ფარგლებში, ვილდაუს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ვილდაუს უნივერსიტეტში სწავლის გარძელების პერსპექტივებზე ესაუბრა. ულრიკე ტეპემ ქართველ სტუდენტებს ცნობილ გერმანულ კომპანიებში სასწავლო პრაქტიკის განხორციელების შესაძლებლობებიც გააცნო.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გერმანელ სტუმრებს ლოგისტიკის ახალ ლაბორატორიაში რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო სისტემის (RFID) მუშაობის პროცესი უჩვენეს, რაც საწყობის მართვის საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება.

გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობს სამი წამყვანი გერმანული უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ლოგისტიკის დეპარტამენტი, პროფესორ გიორგი დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით. ლოგისტიკის პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD). პროგრამა ორდიპლომიანია და ითვალისწინებს წარმატებული სტუდენტების მობილობას ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სწავლის მე-7 და მე-8 სემესტრების განმავლობაში. გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ TH Wildau-ს დიპლომი.

პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში ამჟამად მობილობით იმყოფება ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის პროგრამის 9 სტუდენტი. 2018 წლიდან დღემდე, 25-მა გერმანელმა სტუდენტმა, ქართველ სტუდენტებთან ერთად, ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის დეპარტამენტში გაიარა სხვადასხვა სალექციო კურსი, რომელიც გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა პროფესორებმა ჩაატარეს.

ცნობისათვის: ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TH Wildau) გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრია. 2019 წელს, ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, TH Wildau-მ მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე