მამუკა ბახტაძე აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 16:57 | 23.10.2019
ნანახია: 670

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ეხმიანება და განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს ჩვენი რეგიონების ოკუპაციას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაღვევის შემთხვევებს, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს და გულისხმობს უმკაცრესი სანქციების დაწესებას ყველაზე, ვინც მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დარღვევაში.

ასევე, კანონპროექტით კონგრესი სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს კონსულტაციებისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, რაც იქნება უდიდესი ნაბიჯი გადადგმული საქართველოში სიღარიბის დაძლევისკენ.

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე. მხარდამჭერი აქტი კი წარმოადგენს მძლავრ მექანიზმს, ამ ორივე გამოწვევის დაძლევის გზაზე.

ეს ინიციატივა ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას! დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს!", - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა.

საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემდეგ კანონის ძალას შეიძენს.

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე