აშშ საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და საიმედო პარტნიორია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:34 | 23.10.2019
ნანახია: 861

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ეხმიანება

"შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის ისტორიული და კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ აშშ-ი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და საიმედო პარტნიორია.
კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისადმი ვაშნგტონის მტკიცე მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა.

საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემდეგ კანონის ძალას შეიძენს.

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე