აშშ-ის კონგრესი გმობს ტრამპის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ

საქართველო, თბილისი - 12:17 | 17.10.2019
ნანახია: 560

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმობილია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ.

რეზოლუციით კონგრესმენები მოუწოდებენ ასევე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები სირიაში.

წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციას მხარი 354-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის 129 რესპუბლიკელმა. წინააღმდეგ 60 კონგრესმენი წავიდა.

სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს, ასევე, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო", 9 ოქტომბერს დაიწყო.

ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე