საქართველოს მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს - გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:56 | 16.10.2019
ნანახია: 1216

საქართველოს მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მის კანდიდატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის  თანამდებობაზე განიხილავენ.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა,  უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში,  გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს  სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ მართული კონფლიქტების მოგვარება საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

„ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო  ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე